• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • დეკემბერი 8, 2022

დღეს, 8 დეკემბერს, „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით და „ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით“ პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოში – „პოლივიმი“ – საინფორმაციო ტური გაიმართა. ტურს მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საწარმოში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ პლასტმასის გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესს და შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ პლასტმასის გადამუშვების შედეგად მიღებული მასალა, ე.წ. სინტიპონი, რომელიც შემდგომ ბალიშების, ქურთუკების, რბილი სათამაშოების წარმოებაში მათი შიგთავსის შესავსებად გამოიყენება.

გარდა ამისა, ტურის ფარგლებში ვისაუბრეთ პლასტმასის მთელი სასიცოცხლო ციკლის უარყოფით შედეგებზე, რომელიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ადგება; პლასტმასის ნარჩენების სწრაფი ტემპით ზრდის პრობლემასა და გადამუშვების მნიშვნელობაზე. თუმცა, ხაზი გავუსვით იმასაც, რომ გადამუშავება საბოლოო მიზანი არაა, ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობს პლასტმასის სრულიად გადამუშავების პრაქტიკა და ამ ხერხით ჩვენ მხოლოდ მის ნაგავსაყრელზე მოხვედრის ვადას ვახანგრძლივებთ. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საწარმოში ექსკურსია საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა და აღნიშნეს, რომ აუცილებლად დანერგავენ ცხოვრების ეკო-მეგობრულ სტილს და გარშემომყოფებსაც მოუწოდებენ ამისაკენ. გარდა ამისა, ბავშვებმა საწარმოს სკოლაში შეგროვებული 10 კილოგრამამდე პლასტმასის ბოთლებიც გადასცეს.

მადლობა ინეზა მასწავლებელს ამ ინიციატივისთვის და მოსწავლეების სასარგებლო საქმეში ჩართვის წახალისებისთვის.