დღეს, 19 ივნისს, რუსთავის ჭალის ტყეში საინფორმაციო ტურს ვუმასპინძლეთ.
ტური გაიმართა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერითა და დიღმის ჭალების დამცველ ანა ტრაპაიძესთან თანამშრომლობით. ტურში მონაწილეობა მიიღეს თბილისის „სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS”-ის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
ტურის ფარგლებში ვისაუბრეთ ჭალის ტყისა და იქ არსებული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობაზე; ვიხილეთ, როგორი მრავალფეროვანი და ლამაზია ჩვენი ჭალის ტყის ფლორა და ფაუნა და რამდენიმე ფრინველიც ამოვიცანით.
ვესტუმრეთ ჭალის ტყის სხვადასხვა ლოკაციას და ვნახეთ, რამდენად არის დაზიანებული წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენით, განსაკუთრებით ის ადგილები, რომელიც ღიად, შემოუღობავადაა დატოვებული; ხოლო საპირისპირო სურათი ვიხილეთ იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია და მოვლილი, სწორედ ამ ადგილებში ვნახეთ, როგორ შეუძლია ტყეს საკუთარი თავის აღდგენა ადამიანის ზედმეტი ჩარევის გარეშეც.
იმედი გვაქვს, თანდათან კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ ჭალის ტყის მნიშვნელობას და სარგებელს; გავიაზრებთ რა სიმდიდრე გააჩნია ჩვენს ქალაქს ამ ტყისა და იქ არსებული ბიომრავალფეროვნების სახით; დავაფასებთ ამ უნიკალურ ადგილს და მალე შევძლებთ მის გონივრულად გამოყენებას.