დღეს, 26 ოქტომბერს, „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა ექსკურსია პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმო „პოლივიმში“.
ტურზე იმყოფებოდნენ პლასტმსასას შეგროვებაში ჩართული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მასწავლებლის მოსწავლეები მე-3 საჯარო სკოლიდან.
საწარმოსკენ მიმავალ გზაზე ვისაუბრეთ პლასტმასის წარმოების მასშტაბებსა და მისი მავნე თვისებების შესახებ, ახალგაზრდებს გავაცანით ის საფრთხეები, რასაც ეს ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი უქმნის გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობას.
ხოლო უკვე „პოლივიმში“ მოსწავლეები პლასტმასას გადამუშავების ორ ხაზს გაეცნენ. ერთი ხაზი ამუშავებს PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) მასალას, ხოლო მეორე – პოლიეთილენისა(PE) და პოლიპროპილენის(PP) მასალას.
შედეგად მიიღება გადამუშავებული პლასტმასა გრანულებისა და ფანტელების სახით, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი მარაგდება და გამოიყენება კვლავ პლასტმასის ნივთების საწარმოებლად.
საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს პლასტმასას გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, როგორ ახარისხებენ, ირეცხება და რა ეტაპებს გადის ჩვენ მიერ საწარმოში მიტანილი პლასტმასის ნივთები.
მოსწავლეებისთვის ტური საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო დიდი მოტივაციით დანერგავენ ამ ეკო-მეგობრულ პრაქტიკას.
ტური განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა მწვანე მომავლისთვის” ფარგლებში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ.