დღეს, 9 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი კლიმატის სამოქმედო გეგმის ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორების ტექნიკური სამუშაო ჯგუფების რიგით მეორე შეხვედრას დაესწრო. პირველი შეხვედრის დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე.
შეხვედრების მიზანია ამ საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებს მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების საშუალება მიეცეთ, რათა შემდგომ მსჯელობის შედეგად ფორმირებული საკითხები აისახოს კლიმატის სამოქმედო გეგმაში.
სამოქმედო გეგმა ახლდება 2024-2025 წლებისთვის.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბებულია 7 თემატური ჯგუფი და თითოეულ ამ საკითხზე გეგმის შემუშავებაში მუშაობენ ექსპერტები.
ტრასპორტის სექტორის ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ექსპერტმა წარმოადგინა პრეზენტაცია იმ ცვლილებების და ჩასწორებების შესახებ, რაც სამოქმედო გეგმაში ჩაიწერა წინა შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებისა და პრობლემური საკითხების გათვალისწინებით. მათ შორის, საბოლოო დოკუმენტში ცვლილებებია გათვალისწინებული ისეთ აქტივობებში, როგორიცაა
- სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი (კერძოდ, იგეგმება ქალაქების დამატება, სადაც კონტროლი განხორციელდება)
- ელექტრომობილების გამოყენების წახალისებისთვის დამატებითი შეღავათების იდენტიფიცირება შესაბამისი კვლევების საფუძველზე.
- ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
- 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსების და სატვირთო მანქანების იმპორტის აკრძალვა.
ამ გეგმაში ასევე გათვალისწინებულია ბიოდიზელის წარმოების ხელშეწყობა.
მივესალმებით ფაქტს, რომ გეგმაში ასევე ჩადებულია ის საკითხი, რაზეც ჩვენ წინა შეხვედრაზე გავამახვილეთ ყურადღება; ეს ეხება რუსთავ-თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პრობლემას. გეგმაზე მომუშავე ექსპერტის განმარტებით, ამ საკითხზე აქტივობისა და ინდიკატორის საბოლოო ფორმულირებისთვის მუნიციპალიტეტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია არის საჭირო; ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმაში დაგეგმილია შემდეგი ინდიკატორების ჩამატება:
- ერთიანი ბილეთი რუსთავ-თბილისის და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადასაადგილებლად;
- გაჩერებების განსაზღვრა;
- ქალაქებს შორის მოძრავი ავტოტრანსპორტის ინტენსივობის გაზრდა.
თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც ექსპერტს რუსთავის მერიიდან ექნება ინფორმაცია რუსთავში დაგეგმილი 20 ახალი ავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით.
მრეწველობის სექტორის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ექსპერტმა შემოგვთავაზა ის აქტივობები, რისი განხორციელებაც იგეგმება მომავალი 2 წლის განმავლობაში. განახლებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიზანი იგივე დარჩა – სათბურის აირების ემისიების 5%-ით შემცირება 2030 წლისთვის, ხოლო ამ მიზნის შესასრულებლად გაწერილი აქტივობები ეხმიანება დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს:
- ენერგოეფექტური მოწყობილობების და ტექნიკის მმოხმარებას;
- ალტერნატიული ენერგიის რესურსებისდ მოხმარებას;
- ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს გადაცემა, მათ შორის დაბალნახშირბადიანი გადაწყვეტების განსაზღვრას.