• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • დეკემბერი 6, 2023

ხშირად კლიმატის ცვლილება შორეული პრობლემა გვგონია ხოლმე და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ადგილობრივად განსახორციელებელ ქმედებებზე ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს.

შეიძლება ბევრი ჩვენგანისთვის სიახლეა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტსაც აქვს გარკვეული ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით.

საქართველომ 2021 წელს განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC). ამ დოკუმენტში გაწერილი მიზნების მისაღწევად შემუშავდა საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის მექანიზმს.

ამ ეტაპზე განახლდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ეკონომიკის 7 სექტორში (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) 2024-2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

გარდა იმ საკითხებისა, რომელიც მთლიანად საქართველოს ეხება, კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით შემდეგ ჩანაწერებს ვხვდებით:

ტრანსპორტის სექტორი – სამოქმედო გეგმის მიზანი 2: 2030 წლისთვის, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, ტრანსპორტის სექტორში, სათბურის აირების ემისიების 15%-თ შემცირება.

ამოცანა 2.3 – მობილობის არამოტორიზებული საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება

აქტივობა 2.3.3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაფართოება .რუსთავის მუნიციპალიტეტში

აქტივობა გულისხმობს:

  • მუნიციპალური ავტოპარკის გაზრდას 20 ავტობუსით ქალაქსა და მარშრუტით: რუსთავი-თბილისი მგზავრების გადასაყვანად;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის გაუმჯობესებას;
  • მუნიციპალიტეტში მულტიმოდალური სატრანსპორტო კვანძების განვითარებისთვის საჭიროებების კვლევას;
  • ერთიანი ბილეთის შემოღების პირობების შესწავლას თბილისსა და რუსთავს შორის მოძრავი მგზავრებისთვის;
  • ქ. თბილისსა და ქ. რუსთავს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პერიოდულობის და მოცულობის ოპტიმალური რაოდენობების, თბილისში რუსთავიდან ჩასული საქალაქთაშორისო სამგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებისთვის ოპტიმალური ადგილების შესწავლას.

აქტივობა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდგომ მიზნებთან: SDG 3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა); SDG 11 (ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება).

ეს ყველაფერი 2025 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მიღწეული. პასუხისმგებელ უწყება არის ქ.რუსთავის მერია, ხოლო პარტნიორი უწყებები კი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საჭირო ბიუჯეტი შეადგენს 14 მილიონ ლარს, თუმცა, ამ ეტაპზე ეს თანხა არის დეფიციტური.

შეგახსენებთ, რომ რუსთავ-თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ადვოკატირებას ვუწევდით 10 აგვისტოსა და 9 ოქტომბერს გამართულ სამუშაო შეხვედრებში.

ამოცანა 2.4 –  ტრანსპორტის სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური ინიციატივების განხორციელება

აქტივობა 2.4.4. არამოტორიზებული საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილებისთვის ადაპტირებული გზების, სხვა გზების, მათზე მოძრაობის მიმართულებების და განთავსებული საგზაო ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია

აქტივობა გულისხმობს, Google map-ზე საქართველოს გზების, მათზე განთავსებული საგზაო ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მოძრაობის დატანას და მათ განახლებას.

SDG 3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა); SDG 11 (ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება).

2025 წ. IV კვარტალში ნორმატიული აქტით განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი უწყებების როლი და ინფორმაციის Google map-ზე დატანის და განახლების ვადები.

პასუხისმგებელ უწყებებს შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტიც არის.

აქტივობა 2.4.5. მობილობის გაუმჯობესება თბილისსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებს შორის

აქტივობა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:

  • მობილობის გაუმჯობესება თბილისსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებს შორის
  • სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მოწყობის შეფასებას;
  • მულტიმოდალური სატრანსპორტო კვანძების განვითარებას თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურსა და თბილისის აეროპორტთან;
  • ახალი სარკინიგზო ხაზის მიზანშეწონილობა თბილისის აეროპორტსა და რუსთავს შორის.

შესაბამისად, 2026 წლამდე მომზადებული და გამოქვეყნებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევების შედეგები (ქალაქ თბილისის მდგრადი სატრანსპორტო გეგმის შესრულების ანგარიში).

პასუხისმგებელი უწყება არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა, რუსთავის მერია არის ერთ-ერთი პარტნიორი უწყება.

ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, თუმცა, ამ ეტაპზე, დეფიციტურია.

აქტივობა 2.4.6. – თბილისსა და მის გარშემო არსებულ მუნიციპალიტეტებს შორის სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მოწყობის კვლევა

2026 წლამდე მომზადებული და გამოქვეყნებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევების შედეგები (ქალაქ თბილისის მდგრადი სატრანსპორტო გეგმის მონიტორინგის ანგარიში)

მართალია, აქ რუსთავის მერია არც პასუხისმგებელ და არც პარტნიორ უწყებად არ არის მითითებული, მაგრამ საკითხი ფარავს რუსთავის მუნიციპალიტეტსაც.

აქტივობა 2.4.8. – საქართველოში ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი
წერტილებისთვის ოპტიმალური ადგილების და მათი განთავსების პერიოდის შესახებ რეკომენდაციების მომზადება

შესაბამისად, 2026 წლამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი კვლევა.

ამ აქტივობის შემთხვევაში, პასუხისმგებელი უწყება არის ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო, ხოლო პარტნიორი უწყებები არიან მუნიციპალიტეტები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

აქტივობის განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს და არის დეფიციტური.

მრეწველობის სექტორი – მიზანი 4: 2030 წლისთვის, მრეწველობის სექტორის დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისებით, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, სათბურის აირების ემისიების 5%-თ შესამცირებლად

ამოცანა 4.1 – თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, სამრეწველო პროცესებიდან და სამრეწველო ობიექტების მიერ  ენერგიის მოხმარებიდან გამოწვეული სათბურის აირების ემისიის დონის შემცირება

 

აქტივობა 4.1.1. – სათბურის აირების დაბალი ემისიებით აზოტის მჟავის წარმოების ხელშეწყობა.

2020 წლიდან, საქართველო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეუერთდა ინიციატივას,  რომელიც მიზნად ისახავს ამ ინიციატივის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები აღჭურვოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქავი ტექნოლოგიით.

შპს „რუსთავი აზოტი“, აზოტმჟავას მწარმოებელი საწარმო, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით, რათა მოხდეს მათი წარმოების ციკლიდან N2O-ს ემისიების შემცირება.

ეს აქტივობა კავშირშია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (დირექტივები 2008/50/EC  და 2010/75/EU) და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 3 და 9)

აქტივობის განხორციელების შედეგად, 2025 წლის მე-4 კვარტალში აზოტმჟავას  სრული რაოდენობა (100%) ახალი აღჭურვილობით უნდა იყოს წარმოებული.

ამ აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებლები არიან შპს „რუსთავის აზოტი“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ბიუჯეტი შეადგენს 17,820,000 ლარს, საიდანაც 8,910,000 ლარს ფარავს შპს „რუსთავი აზოტი“, ხოლო 8,910,000 ლარს გრანტის სახით ფარავს გერმანიის მთავრობა.

ამ და სხვა საკითხების დეტალურად გაცნობის მიზნით, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/5155

ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის  საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს და დოკუმენტის შესახებ კომენტარებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია 8 დეკემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Kakha.Lomashvili@mepa.gov.ge climatechange@mepa.gov.ge