დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
საქართველომ 2021 წელს განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) და აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავა საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რაც წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.
ამ ეტაპზე განახლდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ეკონომიკის 7 სექტორში (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) 2024-2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ „ეკო ცენტრი“ ამ გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფის ორ შეხვედრას დაესწრო (1-ლი შეხვედრა; მე-2 შეხვედრა) და შეხვედრებზე ჩვენ მიერ ყურადღება მახვილდებოდა რუსთავ-თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის პრობლემის გადაჭრაზე.
საჯარო კონსულტაციაზე განხილული იქნა სამოქმედო გეგმის თითოეულ სექტორში გაწერილი ამოცანები და აქტივობები, რაც კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით დაიგეგმა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არის ტრანსპორტისა და სამრეწველო სექტორებში დასახული მიზნები და ამოცანები, ვინაიდან რუსთავის პრობლემები სწორედ ამ ორ სექტორს მოიცავს და სამოქმედო გეგმაშიც ამ სექტორებშია გაწერილი რუსთავზე მორგებული აქტივობები. ამ აქტივობების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მასალაში.
ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებით, კლიმატის სამოქმედო გეგმაში გაწერილია 4 ამოცანა, რომელთა შესრულების მიზანია საბაზისო დონესთან (1990წელი) შედარებით 2030 წლისთვის სატრანსპორტო ემისიების მინიმუმ 15%-ით შემცირება.
ეს ამოცანებია:
- დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე და ტექნიკურად გამართული კერძო ავტომობილების წილის გაზრდა ავტოპარკში;
- წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებისა და ბიოსაწვავის გამოყენების წახალისება;
- მობილობის არამოტორიზებული საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება;
- ტრანპორტის სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური ინიციატივების განხორციელება.
რაც შეეხება მრეწველობის სექტორს, მრეწველობის სექტორიდან ემისიების შემცირების მიზნით სამოქმედო გეგმაში გაწერილია 2 ამოცანა. ამ ამოცანების და მათ ქვეშ გაწერილი აქტივობების შესრულებამ უნდა უზრუნველყოს საბაზისო დონესთან (1990 წელი) შედარებით სამრეწველო ემისიების 5 %-ით შემცირება 2030 წლისთვის.
მრეწველობის სექტორში დაგეგმილი ამოცანები შემდეგია:
- თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით სამრეწველო პროცესებიდან და სამრეწველო ობიექტების მიერ ენერგიის მოხმარებიდან გამოწვეული სათბურის აირების ემისიის დონის შემცირება;
- მრეწველობის სექტორში ემისიების ფაქტორების შესწავლისა და მონაცემების მართვის სისტემის განვითარება.
„ეკო ცენტრი“ თვალს მიადევნებს ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორში გაწერილი ამოცანების განხორციელებას და ინფორმაციას აუცილებლად გავუზიარებთ საზოგადოებას.
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა იხილეთ ბმულზე – https://eiec.gov.ge/Ge/Announcements/5155